NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა კონტრშეტევისას მოლოდინებს გადააჭარბეს, თუმცა მოკავშირეებმა არ უნდა დაივიწყონ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
„არავინ არასდროს ამბობდა, რომ ეს კონტრშეტევა ადვილი იქნებოდა. ითქვა ძალიან მკაფიოდ, რომ ეს იქნებოდა სისხლისმღვრელი, მძიმე და რთული კონტრიერიში. ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ რუსებმა მოამზადეს თავდაცვითი ხაზები სანგრებით, შექმნეს ტანკებისთვის დაბრკოლებები „დრაკონის კბილებისა“ და ნაღმების სახით. ნაღმების ძალიან დიდი რაოდენობაა. არავის ახსოვს ისტორიაში ამ რაოდენობის ნაღმი ბრძოლის ველზე, რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე ცხადი იყო, რომ უკრაინელების შეტევა უკიდურესად რთული იქნებოდა.
„მაგრამ უკრაინელებმა გადაწყვიტეს შეტევის დაწყება, რადგან მათ სურთ თავიანთი მიწის გათავისუფლება და ისინი აღწევენ წარმატებებს. არა ისე, როგორც ვიმედოვნებდით, მაგრამ ისინი ეტაპობრივად იბრუნებენ პოზიციებს. დაახლოებით ას მეტრს დღე-ღამეში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც უკრაინელები იკავებენ პოზიციებს, რუსები ამ პოზიციებს კარგავენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ უკრაინელებმა გაათავისუფლეს გაათავისუფლეს კიევთან ახლოს ქვეყნის ჩრდილოეთი, ხარკოვთან აღმოსავლეთი, შემდეგ კი სამხრეთით ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ხერსონთან.
„რეალობა ასეთია, რომ უკრაინელები სინამდვილეში სულ უფრო აჭარბებენ მოლოდინებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ვალდებულებების შესახებ. ჩვენი მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ მათ, მივცეთ რჩევები. მაგრამ ბრძოლის ველზე რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინელმა მეთაურებმა და ჯარისკაცებმა. ჩვენ არ შეგვიძლია ვისხდეთ ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში ან ევროკავშირის და ვლაპარაკობდეთ როგორ უნდა იომო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.