2023 წელს, მსოფლიო სამხედრო ხარჯებმა $2443 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6,8%-ით მეტია. ეს არის ყველაზე მკვეთრი ზრდა 2009 წლის შემდეგ. მონაცემებს, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) აქვეყნებს.

ათმა ყველაზე მხარჯველმა ქვეყანამ, სადაც, აშშ, ჩინეთი და რუსეთი ლიდერობს, სამხედრო ხარჯები გაზარდა. ინსტიტუტის მიხედვით, ზრდა ფიქსირდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში, განსაკუთრებით კი, ევროპაში, აზიაში, ოკეანეთსა და ახლო აღმოსავლეთში.

“სამხედრო ხარჯების უპრეცედენტო ზრდა წარმოადენს პირდაპირ პასუხს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაუარესებაზე” - ამბობს ნან ტიანი, SIPRI-ის უფროსი მკვლევარი

რუსეთი

2023 წელს, რუსეთის სამხედრო ხარჯები 24%-ით გაიზარდა და $109 მილიარდი შეადგინა, რაც, 57%-იანი ზრდა არის 2014 წელთან შედარებით, როდესაც, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა. წინა წლის რუსეთის სამხედრო ხარჯებმა, სახელმწიფო ხარჯების 16%-ი და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5.9% შეადგინა.

უკრაინა 

2023 წელს, უკრაინამ, ყველაზე მსხვილი მხარჯველების სიაში მერვე ადგილი დაიკავა. ინსტიტუტის მიხედვით, ხარჯებმა $65,8 მილიარდი შეადგინა, რაც, მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 58%-ია. შედარებისთვის, 2023 წლის უკრაინის მთლიანი სამხედრო ხარჯები რუსეთის ხარჯების 59%-ს შეადგენს.

თუმცა, 2023 წლის განმავლობაში, უკრაინამ, $35 მილიარდის სამხედრო დახმარება მიიღო, მათ შორის, $25,4 მილიარდი ამერიკიდან. ამ მაჩვენებლებით კი, უკრაინის საერთო სამხედრო ხარჯებმა რუსეთის ხარჯების 91% შეადგინა.

SIPRI-ის სხვა კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, იარაღის ექსპორტი ევროპაში თითქმის გაორმაგდა, რაც, ნაწილობრივ, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან არის კავშირში. ეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის იარაღის ექსპორტი შემცირებულია. 

უკრაინა კი, ინსტიტუტის მიხედვით, ევროპაში მეოთხე ქვეყანას წარმოადგენს იარაღის იმპორტის თვალსაზრისით. 2022 წელს, კიევი, იარაღის გლობალური იმპორტიორების სიაში მესამე ადგილს იკავებდა.

NATO

2023 წელს, ნატოს 31 წევრ ქვეყანაზე მოდიოდა ჯამური $1,341 ტრილიონი, რაც მსოფლიო სამხედრო ხარჯების 55%-ს შეადგენს. ნაწილობრივ, ეს განპირობებულია ამერიკის სამხედრო ხარჯები 2,3%-იანი ზრდით, რომელმაც $916 მილიარდი შეადგინა. ნატოს საერთო ხარჯების 68%-ი სწორედ აშშ-ზე მოდის.

2023 წელს, ნატო წევრი ევროპული ქვეყნების უმეტესობამ სამხედრო ხარჯები გაზარდა. მას შემდეგ, რაც, ნატოს წევრმა ქვეყნებმა, სამხედრო ხარჯების გაზრდაზე (მშპ-ს 2%) აიღეს პასუხისმგებლობა, ნატოს წევრმა 11-მა ქვეყანამ მიაღწია ან გადააჭარბა ამ მაჩვენებელს.

ნატოს კიდევ ერთი საერთო მიზანი - სამხედრო ხარჯების არანაკლებ 20%-ისა დახარჯონ აღჭურვილობაზე - 2023 წელს მიაღწია 28 წევრმა ქვეყანამ. შედარებისთვის, 2014 წელს, მხოლოდ შვიდმა წევრმა ქვეყანამ შეძლო.

ჩინეთი, იაპონია და ტაივანი

ჩინეთი, სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს აშშ-ს მერე. 2023 წლის სამხედრო ხარჯებმა დაახლოებით $296 მილიარდი შეადგინა, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. ჩინეთი, ყოველ შემდეგ წელს, უფრო მეტს ხარჯავს სამხედრო სფეროში, ვიდრე წინა წელს. სწორედ, მისი სამხედრო ხარჯები არის მთლიანი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების ხარჯების ნახევარი.

ზრდა ჰქონდა იაპონიასაც. 2023 წელს, ქვეყანამ, $50,2 მილიარდი დოლარი დახარჯა სამხედრო საქმიანობაში, რაც, 11%-ით უფრო მეტია, ვიდრე 2022 წელს.

2023 წელს, 11%-იანი ზრდა ჰქონდა ტაივანსაც, რითაც, სამხედრო ხარჯებმა $16,6 მილიარდს მიაღწია.