სლოვაკეთის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდამსხმელს თანამზრახველები ჰყავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა მათუშ შუტაი ეშტოკმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ფიცოზე თავდასხმის ფაქტზე მთავრობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა.
ეშტოკის თქმით, ინციდენტში სხვა ადამიანების მონაწილეობის დამადასტურებელი ერთ-ერთი გარემოება არის ის, რომ ეჭვმიტანილის ინტერნეტშეტყობინებები წაიშალა მკვლელობის მცდელობიდან ორი საათის შემდეგ, მაგრამ არა თავად ეჭვმიტანილის და არც სავარაუდოდ, მისი მეუღლის მიერ.
მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული შეიძლებოდა ჩადენილი ყოფილიყო ადამიანთა ჯგუფის მიერ.
ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის 71 წლის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი იურაი ცინტულა დააკავეს. 15 მაისს ის იმ მცირერიცხოვან ჯგუფს შორის იყო, რომლებთანაც ფიცო მთავრობის სხდომის შემდეგ მისასალმებლად გამოვიდა. თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან ხუთი გასროლა განახორციელა. პრემიერ-მინისტრს სამი ტყვია მოხვდა.
ცინატულამ თავდასხმის მოტივები მთავრობის პოლიტიკასთან უთანხმოებით ახსნა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მწერალი, სხვა საკითხებთან ერთად, არ ეთანხმება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას.
ცინტულამ დანაშაული აღიარა. მას 25 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.