სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ ტომას ტარაბას განცხადებით, მკვლელობის მცდელობის შემდეგ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ BBC წერს.
ტარაბას თქმით, მას სჯერა, რომ ფიცო "გადარჩება" და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ძალიან შოკში ვიყავი... საბედნიეროდ, რამდენადაც ვიცი, ოპერაციამ კარგად ჩაიარა - და ვფიქრობ, საბოლოოდ ის გადარჩება... მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. ის მძიმედ დაიჭრა - ერთმა ტყვიამ კუჭში გაიარა, მეორე კი სახსარში მოხვდა - სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, შემდეგ კი ოპერაციაზე." - აღნიშნა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ესროლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველების თქმით, პრემიერი მოქალაქეს მიუახლოვდა, რომელიც მას ესალმებოდა და სწორედ ამ დროს რამდენიმეჯერ გაისროლეს, რის შემდეგაც პრემიერი მიწაზე დაეცა.
მედია ირწმუნება, რომ მისი მოკვლა 71 წლის იურაჯ ცინტულამ სცადა, რომელიც შესაძლოა პრორუსულ გასამხედროებულ დაჯგუფება Slovenski Branci-სთან იყოს დაკავშირებული.