შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, მაგდალენა ანდერსონმა, დღეს დანიისა და გრენლანდიის მხარდასაჭერად ძალიან კონკრეტული განცხადება გააკეთა. იგი მიიჩნევს, რომ შვედეთი მზად უნდა იყოს საჭიროების შემთხვევაში გრენლანდიაში ჯარების გაგზავნისთვის. მან ეს განცხადება Dagens ETC-თან ინტერვიუში გააკეთა.
შვედეთის სოციალ-დემოკრატიული ახალგაზრდული კავშირი მზადაა, გრენლანდიაში ევროკავშირის ჯარები გაგზავნოს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, შვედეთის ექსპრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა, დღეს ეროვნულ კონფერენციაზე „ხალხი და თავდაცვა“ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამ წინადადებას.
„ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა“, - აღნიშნა მან საერთაშორისო სიტუაციის აღწერისას. „ამჟამად ყურადღება გამახვილებულია შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ ქმედებებსა და განცხადებებზე ვენესუელასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით“.
„აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შვედეთმა და ყველა ევროპულმა ქვეყანამ მტკიცედ დაუჭიროს მხარი გრენლანდიას და დანიას“. „და ჩვენც, შვედეთში, უნდა განვიხილოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა, რადგან დანიას სურს დახმარება“, - თქვა მაგდალენა ანდერსონმა Dagens ETC-თან ინტერვიუში.
ნათლად ჩანს კი, რომ აშშ დღეს მხარს უჭერს ნატოს და შვედეთს? - ჰკითხეს ანდერსონს, რაზედაც მან უპასუხა:
„არ არსებობს მიზეზი, რომ ნაჩქარევი ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ დონალდ ტრამპის განცხადებები ძალიან სერიოზულია და მეტე ფრედრიკსენმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ასეთი საუბრის გაგრძელება ნამდვილად საბედისწერო იქნებოდა. აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აშშ-სთან მჭიდრო დიალოგის შენარჩუნება და ხალხისთვის შეხსენება, რომ გრენლანდია ნატოს ნაწილია“.
მაგდალენა ანდერსონის თქმით, „აშშ-ის ადმინისტრაციის ახალმა უსაფრთხოების სტრატეგიამ შეცვალა უსაფრთხოების სიტუაცია ევროპაში“ და შვედეთს, რა თქმა უნდა, სჭირდება უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა.
მაგდალენა ანდერსონმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სამართლის ბოლომდე დაცვის და შენარჩუნების აუცილებლობა.
„ეს არის თავდაცვის მთავარი ხაზი პატარა სახელმწიფოებისთვის“, - თქვა მაგდალენა ანდერსონმა.
კითხვაზე, საკმარისად სერიოზულად აღიქვამს თუ არა მთავრობა აშშ-ს მხრიდან საფრთხეს, შვედეთის ექსპრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
„მინდა პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გავმართო, რადგან მსურს მეტი გავიგო მთავრობის აზროვნების შესახებ ამ ახალ უსაფრთხოების პოლიტიკის სიტუაციაში. მსურს, რომ ულფ კრისტერსონმა (შვედეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი - „აიპრესი“) უფრო მალე და უფრო ნათლად ისაუბროს აშშ-ს ქმედებებზე ვენესუელაში. რომ ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართალს. რადგან საერთაშორისო სამართალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც შვედეთია. შვედეთი ამ მხრივ ნდობით სარგებლობს, რადგან ჩვენ დიდი ხანია საერთაშორისო სამართლის ერთგული დამცველები ვართ.“
მაგდალენა ანდერსონის თქმით, „სკანდინავიურმა ქვეყნებმა და ევროკავშირმა, ბუნებრივია, უნდა დაიწყონ დიალოგი დანიასთან იმის შესახებ, თუ როგორი მხარდაჭერა სურთ თავიანთი მეგობრებისგან“.
„შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და გრენლანდიაში კერძო ინვესტიციების გაზრდა. ასევე შეიძლება ვისაუბროთ სამხედრო ყოფნის გაზრდაზე. კარგად ვიცი ყველა ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ეს დანიისა და გრენლანდიის მოთხოვნა უნდა იყოს“, - განუცხადა მან Dagens ETC-ს და დამაზუსტებელ კითხვაზე - „ამ სიტუაციაში, მიზანშეწონილი იქნებოდა თუ არა გრენლანდიაში შვედი ჯარისკაცების გაგზავნაც?“ - განაცხადა:
„რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად“.




