ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც საქართველოში დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ არსებით ნაბიჯს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იმის დადასტურებასაც, რომ საქართველო აღარ შეეცდება "უცხოური გავლენის" კანონის მიღებას.

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს განცხადებაში დადებით ნაბიჯადაა შეფასებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაც, მესამე მოსმენით არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის კანონი“ და ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს სისტემურ მიდგომაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიური იმპულსია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმებისთვის და, რომ "საქართველოს მომავალი ევროკავშირშია".