ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემას პრიორიტეტულად მიიჩნევს და უახლოეს პერიოდში ამ მიზნის განხორციელებისათვის იმუშავებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების მომზადებას F-16-ების მართვისთვის და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავაშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემისთვის“, - აღნიშნა მილერმა.
„არ შემიძლია განვაცხადო, როდის ან როგორ მოხდება ეს, ან რომელი ქვეყნებიდან მიიღებენ {უკრაინელები გამანადგურებლებს}. მაგრამ ეს ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენ მის განხორციელებას უახლოეს თვეებში დავიწყებთ“, - აღნიშნა მან.
მილერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოები, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენების წინააღმდეგი არიან. „მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია შევახსენო ყველას, რომ რა თქმა უნდა, სწორედ რუსეთმა დაიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს მშვიდობიან უკრაინელებზე, სწორედ რუსეთი ბომბავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ამიტომ სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა ჩაატაროს სამხედრო ოპერაციები, რადგან სწორედ რუსეთი წარმოადგენს აგრესორს ამ ომში“, - დასძინა მილერმა.