საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მეოთხე ღამეს, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 994 კაცი დააკავეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანინის თქმით, დაკავებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მთლიანობაში, განვლილი ღამე ძალადობის ნაკლები ინტენსივობით გამოირჩეოდა.
განსაკუთრებით დაძაბული ვითარება იყო მარსელში, სადაც ადგილობრივი პოლიციის დასახმარებლად ნაციონალური პოლიციის რეზერვში არსებული მობილური ქვედანაყოფები გადაისროლეს და ლიონში, სადაც მსუბუქად დაჯავშნილი ჟანდარმერია განლაგდა.
დილის 08:13 საათისთვის შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა79 პოლიციელი და ჟანდარმი, დაიწვა 1350 მანქანა, დაიწვა ან დაზიანდა 234 შენობა, ხოლო საზოგადოებრივ გზებზე 2560 ხანძარი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ არეულობა საფრანგეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ, მისი მტკიცებით, დაუმორჩილებლობის და პოლიციელებისთვის საფრთხის შექმნის გამო, პარიზის გარეუბან ნანტერში, არაბული წარმოშობის 17 წლის ნაჰელ მერზუკს ესროლა და მოკლა.