რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე.
საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიიდან, პრიმორსკ-ახტარსკიდან გაშვებული 30 ე.წ. დამრტყმელი დრონი და 1 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“, რომელიც ანექსირებული ყირიმიდან ქალაქ კრივოი-როგის მიმართულებით ისროლეს.
სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ოლქებში გაანადგურეს 30 დრონი.
უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად ქალაქ ლვოვში 2 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. ხანძარი გაუჩნდა 3 სამრეწველო საწყობს. ქალაქ კრივოი-როგში დაზიანდა მრავალსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, 3 სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი. ნიკოლაევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, განადგურებული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ერთ-ერთი აგროსაწარმოს ტერიტორია.