კიევზე რუსეთის მორიგ მასირებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 2 ადამიანი და დაიჭრა ერთი პირი.
საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიევზე ასეთი ძლიერი თავდასხმა გაზაფხულის შემდეგ აღარ ყოფილა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც 20-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა შევჩენკოს რაიონში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დარნიცისა და შევჩენკოს რაიონებში ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს და ადმინისტრაციულ შენობას.
რუსეთის თავდასხმის გამო, კიევში საჰაერო განგაში ღამის 2 საათის შემდეგ გამოცხადდა და დილამდე გაგრძელდა. განგაშის დროს მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.
ღამის 4 საათის შემდეგ საჰაერო განგაშმა მოიცვა უკრაინის მთელი ტერიტორია. საჰაერო ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ რუსეთმა დაიწყო ფრთოსანი რაკეტების გაშვება. ამოქმედდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებები იყო ოდესის, ჩერკასის და ჟიტომირის ოლქებში.