რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს. პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რაჰმან მუსტაფაევის დაბარება ბაქოში "არამეგობრულ ქმედებებსა და ჟურნალისტების უკანონო დაკავებას უკავშირდება".

30 ივნისს ბაქოში, რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც Sputnik-ის აზერბაიჯანის ოფისში მუშაობდნენ.

კრემლისტური მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსი დიპლომატები ჟურნალისტებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.

მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.