საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატები უარს ამბობს გაერო-ს რეზოლუციის პროექტის თანაავტორობაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავს ეძღვნება.

სააგენტოს ცნობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის აგრესიას და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„წინა წლებში შეერთებული შტატები მუდმივად უჭერდა მხარს ასეთ რეზოლუციებს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისთვის“, – განუცხადა „როიტერს“ ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რეზოლუციის აღნიშნულ პროექტს 50-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

თარგმანი: პირველი არხი