ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას აშშ-ის მიერ გაცემული დაახლოებით 4.65 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გაუნულდება. ამის შესახებ 21 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. ამის შესახებ Reuters წერს.

აშშ-ს კონგრესის მიერ მიმდინარე წლის აპრილში მიღებული კანონპროექტი უკრაინის დაფინანსების შესახებ დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მოიცავდა, რომლის ნახევარი მოქმედ პრეზიდენტს შეეძლო, 15 ნოემბრის შემდეგ გაეუქმებინა. აპრილის კანონპროექტის ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ის ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 60 მილიარდი დოლარი გამოიყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სესხის გაუქმება, კერძოდ, "უკრაინის გამარჯვების ხელშეწყობა, ეროვნულ ინტერესებში შედის როგორც აშშ-სთვის, ისე ევროკავშირის, G7-ისა და NATO-ს წევრი მოკავშირე სახელმწიფოებისთვის".

როგორც გამოცემა Bloomberg წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება სესხის გაუქმების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილია, "კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს კიევს, სანამ დონალდ ტრამპი იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდება".

მილერმა განაცხადა, რომ ბაიდენი კანონის შესაბამისად მოქმედებს, როდესაც იყენებს უფლებას, გააუქმოს უკრაინისადმი გაცემული სესხის 50%.