პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გაგრძელებას მანამ აპირებს, სანამ დასავლეთი არ დასთანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მისეულ პირობებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters კრემლთან დაახლოებულ 3 წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემას უთხრეს, რომ პუტინს არ შეშინებია ტრამპის მუქარების, რომელიც უფრო მკაცრი მეორადი სანქციების დაწესებას მოიცავს, თუ რუსეთი 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.

სააგენტოს წყაროს თანახმად, საერთოდაც, შესაძლებელია, რომ რუსული ძალების წინსვლის ფონზე, პუტინის ტერიტორიული მოთხოვნები კიდე უფრო გაიზარდოს.

წყაროების თქმით, პუტინი, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და, მანამდე, ქვეყნის აღმოსავლეთში 8 წლიანი ომი აწარმოვა, მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და სამხედრო ძალა გაუძლებს დასავლეთის მიერ დამატებითი ზომების შემოღებასაც.

დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს 50-დღიანი ვადა მისცა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც რუსეთს მეორადი სანქციების ამოქმედებით დაემუქრა.

სამი რუსი წყარო აცხადებს, რომ პუტინი არ შეაჩერებს ომს დასავლეთის ზეწოლის ფონზე, და მიაჩნია, რომ რუსეთს - რომელმაც უკვე გადაიტანა დასავლეთის მიერ დაწესებული ყველაზე მკაცრი სანქციები - შეუძლია გაუძლოს შემდგომ ეკონომიკურ სირთულეებსაც, მათ შორის აშშ-ის მიერ მუქარად წარდგენილ ტარიფებს, რომლებიც რუსული ნავთობის მყიდველებს ეხება.

"პუტინი ფიქრობს, რომ მასთან სერიოზულად არავის უსაუბრია უკრაინაში მშვიდობის დეტალებზე - მათ შორის, არც ამერიკელებს - ამიტომ გააგრძელებს, სანამ იმას არ მიიღებს, რაც სურს," - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ სააგენტოს.