Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე რეჟიმმა დაახლოებით 2 000 დემონსტრანტი მოკლა და დახოცილი ხალხისა და უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების რაოდენობა "ტერორისტებს" დააბრალა.

ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.

New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.

ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც. 

ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება.