სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელი პირები თავიანთ პოზიციებს გამოხატავენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაზე განხორციელებულ ფართომასშტაბიანი დარტყმის და ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით.
შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაზე დარტყმას და მისი პრეზიდენტის დაკავებას მიესალმა არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი. მან X-ზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც ის მადუროს რეგიონისთვის საფრთხედ მოიხსენია და მხარდაჭერას უცხადებს ტრამპის მიერ კარაკასზე განხორციელებულ ზეწოლას. ვიდეოს მან წანუმძღვარა სიტყვები, რომლითაც მიესალმა ცნობას მადუროს დაკავების შესახებ:
„ეშმაკმა დალახვროს! თავისუფლება წინ მიიწევს, გაუმარჯოს თავისუფლებას!“
ასევე მიესალმა მადუროს დაკავებას ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა.
„ყველა ნარკო-ჩავისტი კრიმინალის დრო მოვა. მათი სტრუქტურა საბოლოოდ დაიშლება მთელ კონტინენტზე“, - დაწერა მან X-ზე და მოუწოდა კორინა მაჩადოს, ედმუნდო გონსალესს და ვენესუელელ ხალხს: „დადგა დრო, დაიბრუნოთ თქვენი ქვეყანა. თქვენ გყავთ მოკავშირე ეკვადორში“.
შეერთებული შტატების ქმედება დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებისგან სასწრაფო რეაგირება მოითხოვა კუბის პეზიდენტმა მიგელ მარიო დიას-კანელ ბერმუდესმა.
„სამშობლო ან სიკვდილი! ჩვენ გავუძლებთ!“ - დაწერა მან.
ასევე მკვეთრად დაუპირისპირდა შეერთებული შტატების ქმედებას ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.
„ვენესუელას ტერიტორიაზე განხორციელებულმა დაბომბვებმა და მისი პრეზიდენტის დატყვევებამ ყველა დასაშვები ზღვარი გადალახა. ეს ქმედებები ვენესუელას სუვერენიტეტის სერიოზულ ხელყოფაა და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ ერთ უკიდურესად საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს.
ქვეყნებზე თავდასხმები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს, პირველი ნაბიჯია ძალადობის, ქაოსისა და არასტაბილურობის სამყაროსკენ“ - წერს ბრაზილიის პრეზიდენტი.
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „მექსიკის მთავრობა მკაცრად გმობს და უარყოფს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო საათებში ვენესუელას ბოლივარული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელებულ ცალმხრივ სამხედრო ქმედებას, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მე-2 მუხლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.“
ვენესუელაში კრიზისული მდგომარეობა არ უარყო, თუმცა, შეერთებული შტატების ქმედება დაგმო ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა.
„ჩილეს მთავრობა გამოხატავს შეშფოთებას და გმობს შეერთებული შტატების სამხედრო ქმედებებს ვენესუელაში და მოუწოდებს ქვეყანაში მოქმედი მძიმე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ. ჩილე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მიმართ, როგორიცაა ძალის გამოყენების აკრძალვა, ჩაურევლობა, საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოგვარება და სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა“.
ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ურუგვაი, როგორც ყოველთვის, უარყოფს ერთი ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიაზე სამხედრო ჩარევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პატივისცემის მნიშვნელობას, კერძოდ, იმ ფუნდამენტური პრინციპის, რომ სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან ან სხვა ნებისმიერი ფორმით, რომელიც არ შეესაბამება გაეროს მიზნებს“.
ტრინიდადმა და ტობაგოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კუნძულოვანი სახელმწიფო არ მონაწილეობს არცერთ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში და ვენესუელელ ხალხთან მშვიდობიან ურთიერთობას ინარჩუნებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მადუროსადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს და შეერთებული შტატების ქმედება დაგმეს რუსეთმა, ირანმა და ბელარუსმა.
ასევე დაგმო შეერთებული შტატების ქმედება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ.
„სამხრეთ აფრიკა მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, ორგანოს, რომელიც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მანდატითაა აღჭურვილი, სასწრაფოდ მოიწვიოს სხდომა ამ სიტუაციის განსახილველად. სამხრეთ აფრიკა ამ ქმედებებს მიიჩნევს ამ ქმედებებს აშკარა დართვევად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა, რომელიც ავალდებულებს ყველა წევრ სახელმწიფოს თავი შეიკავოს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან“, - ნათქვამია სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის განცხადებაში.
ახლახან გავრცელდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
„ჩინეთი ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ს მიერ ძალის გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ს ასეთ ჰეგემონიურ ქცევას, რომელიც სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს ვენესუელას სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაეროს ქარტიის მიზნები და პრინციპები და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევა“.
„პირველ რიგში, მინდა ფაქტების დადგენა. მინდა ვესაუბრო პრეზიდენტ ტრამპს. მინდა ვესაუბრო ჩვენს მოკავშირეებს. შემიძლია აბსოლუტურად ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართულები... და მე ყოველთვის ვამბობ და მჯერა, რომ ყველამ უნდა დავიცვათ საერთაშორისო სამართალი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ბრიტანული ტელეარხებისთვის გაკეთებულ განცხადებაში.
„სამხედრო ოპერაცია, რომელმაც ნიკოლას მადუროს დაკავება გამოიწვია, არღვევს ძალის გამოუყენებლობის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლის საფუძველია. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარედან ვერანაირი მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტა ვერ იქნება თავს მოხვეული და მხოლოდ სუვერენულ ხალხებს შეუძლიათ საკუთარი ბედის გადაწყვეტა“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო X-ზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაციას „უდიდესი შეშფოთებით“ აკვირდება, გერმანიის მთავრობის ტრანსატლანტიკური კოორდინატორი, მეტინ ჰაკვერდი კი თავად შეერთებული შტატების მხრიდან ელოდება ტრამპის ქმედების კრიტიკას.
თავდასხმა აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. „შეერთებულ შტატებში უკვე მიმდინარეობს შიდა პოლიტიკური დებატები; სამხედრო დარტყმებს მხოლოდ დემოკრატები არ აკრიტიკებენ“, - განუცხადა მან „როიტერსს“.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, თქმით ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ მადუროს ლეგიტიმურობა აკლია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ნებისმიერ ვითარებაში, საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია უნდა იყოს დაცული“.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში არსებულ ვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენესუელელ ხალხს და ვუჭერთ მხარს მშვიდობიან და დემოკრატიულ გარდამავალ პერიოდს. ნებისმიერი გადაწყვეტა უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას“, - განაცხადა, მადუროს ლეგიტიმურობაზე ყოველგვარი მინიშნების გარეშე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა გამოუცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ „კარგ ბიჭს (ანუ მადურო რომ კარგი ბიჭი ყოფილიყო - „აიპრესი“) ასეთი რამ არ დაემართებოდა“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ცალსახად აღნიშნა, რომ ეს იყო შეერთებული შტატების თავდასხმა ვენესუელაზე და მომავალი აჩვენებს, რა გავლენას მოახდენს ეს თავდასხმა ჩვენ რეგიონში (ევროპაში - „აიპრესი“) არსებულ სიტუაციაზე. მას ტრამპის ქმედება არც დადებითად და არც უარყოფითად არ შეუფასებია.
„უკრაინა მუდმივად იცავდა ხალხების უფლებას, იცხოვრონ თავისუფლად, დიქტატურის, ჩაგვრისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისგან თავისუფალი. მადუროს რეჟიმმა ყველა ასპექტში დაარღვია ყველა ეს პრინციპი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიხამ.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ ის და მისი სამინისტრო ყურადღებით აკვირდებიან ვენესუელაში არსებულ ვითარებას.
„ეს არის მოვლენების დრამატული განვითარება ვენესუელაში, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით“, - დაწერა მან.
ის ასევე ელის, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მალე შეიკრიბება სიტუაციის განსახილველად.
„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დეესკალაციისა და დიალოგის გზას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თამაშის საერთაშორისო წესების პატივისცემა“, - განაცხადა იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ერთობ დაძაბული და შეშფოთებულია ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებით არაერთგზის და მკაფიოდ გამოხატული პოზიციის გამო.
მასალა ბოლოს 20:28 საათზე შეივსო და განახლდა.




