აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის ოფიცერმა ქალაქ მინეაპოლისში დაკავების ოპერაციის დროს 37 წლის ქალი, ნიკოლ გუდი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ICE-ის თანამშრომლები ქალს მანქანიდან გადმოსვლისკენ მოუწოდებენ, რასაც აღნიშნული პირი არ ემორჩილება და გაქცევას ცდილობს. შედეგად, მანქანასთან მდგომი ოფიცერი მას ფანჯარაში რამდენჯერმე ესვრის.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოკლული ხელს უშლიდა ოფიცრების საქმიანობას და მანქანით ერთ-ერთი მათგანისთვის გადავლას ცდილობდა, რის შემდეგაც ICE-ის თანამშრომელმა მას თავდაცვისთვის და "საკუთარი და თანამშრომლის სიცოცხლის გადარჩენის" მიზნით ესროლა.
კოლორადოს შტატის გუბერნატორი, ჯერედ პოლისი მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.
"უნდა ჩატარდეს ინციდენტის სრულყოფილი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობა. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებს მომხდართან დაკავშირებით" – ამბობს პოლისი.
მას შემდეგ რაც სოციალური ქსელი ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულმა ვიდეომ მოიცვა, მინეაპოლისსა და სხვა ქალაქებში აქციები დაიწყო ICE-ის წინააღმდეგ.




