რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე "საცხოვრებელი სახლები, ბინები და ოთახები, რომლებსაც აქვთ უპატრონო ქონების ნიშნები" აღიარებული იქნება რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საკუთრებად.

შესაბამისი კანონი გასულ კვირას რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.

უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განცხადებით, ოკუპაციური ადმინისტრაციები თავად განსაზღვრავენ უპატრონოა თუ არა საცხოვრებელი ფართი, რაც უძრავი ქონების მასობრივი მისაკუთრების საფუძველს შექმნის. მათივე თქმით, ამ კანონით დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებიდან ომის გამო წასული ასობით ათასი უკრაინელის საცხოვრებელი შესაძლოა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონფისკაციას დაექვემდებაროს.

პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ჩამორთმეული ქონების შემდგომ რეპრივატიზაციას.