აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური რეაქციაა, რადგან ჯო ბაიდენს არ შეუძლია, თქვას – „ვალოდია, ყოჩაღ“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენის კომენტარის შემდეგ განაცხადა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს გიჟი უწოდა.
„ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და თქვენ მკითხეთ, ვინ იქნება სასურველი შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტის რანგში. მე ვთქვი, რომ ნებისმიერ პრეზიდენტთან ვიმუშავებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის, ბაიდენი უფრო სასურველია. ახლა მისი ნათქვამიდან გამომდინარე, მე აბსოლუტურად მართალი ვარ, რადგან ეს იყო ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი. რატომ? რადგან მას არ შეუძლია თქვას: „ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, შენ ძალიან დამეხმარე“. ჩვენ გვესმის, რა ხდება შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია. ეს ნიშნავს, რომ მე მართალი ვიყავი. რაც მე ვთქვი, პირველ რიგში ჩვენი აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი და არა ამერიკელებისთვის. თქვენ ხომ რუსი ჟურნალისტი ხართ და თქვენ მკითხეთ, რა იყო ჩვენთვის უკეთესი. ასე რომ, მე გითხარით მაშინ და შემიძლია, ახლაც დავადასტურო და გავიმეორო: ბაიდენი“,- აღნიშნა პუტინმა ჟურნალისტთან საუბრისას.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა. ბაიდენმა პუტინის შესახებ ეს განცხადება კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა. „ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.