პოლონეთში საზოგადოების და პოლიტიკური ყურადღების ცენტრშია გაუპატიურების მსხვერპლი 14 წლის გოგონას შემთხვევა - პოდლასიეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა და გაუპატიურების შედეგად იგი დაორსულდა. დეიდამ, რომელმაც შენიშნა, რომ მისი დისშვილი ორსულად იყო, დაჟინებით მოითხოვა აბორტი.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას პროკურატურიდან ჰქონდა ცნობა მის მიმართ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც ლეგალური აბორტის უფლებას აძლევდა, ადგილობრივმა საავადმყოფომ ამაზე უარი თქვა. პოდლასიე, რომელიც ბელორუსის საზღვარზე მდებარეობს, ეროვნული კონსერვატიული კანონისა და სამართლიანობის პარტიის (PiS) დასაყრდენად მიიჩნევა. პარტია პოლონეთში 2015 წლიდან არის ხელისუფლებაში.
ექიმებმა უარი თქვეს მორალური მოსაზრებებით, იტყობინება ყოველკვირეული გაზეთი Polityka. პოლონეთის კანონი აბორტების შეზღუდვის შესახებ შეიცავს დებულებას, რომლის მიხედვითაც ექიმებს შეუძლიათ უარი თქვან პაციენტის ორსულობის შეწყვეტაზე, თუ ეს ეწინააღმდეგება მათ რელიგიურ შეხედულებებს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. საავადმყოფოში, სადაც დაზარალებული დეიდასთან ერთად მივიდა, მათ უხეშად უთხრეს უარი. რჩევის თხოვნის საპასუხოდ, რა უნდა გააკეთონ ახლა, მათ ასეთი პასუხი მიიღეს: "ეს ჩვენი საქმე არ არის".
თუმცა, კანონით, ექიმმა, რომელიც უარს იტყვის აბორტის გაკეთებაზე, უნდა დაასახელოს სხვა ექიმი, რომელსაც შეუძლია აბორტის გაკეთება. მორალური პრინციპები და რწმენა ინდივიდუალურია და არ შეიძლება გავრცელდეს მთელ საავადმყოფოზე. მაგრამ კანონის ეს დებულება, Polityka-ს თქმით, იგნორირებული იყო.
სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა პოლონურმა ქალთა და ოჯახის დაგეგმვის ფონდმა FEDERA-მ, რომელიც სასოწარკვეთილი ქალების უკანასკნელ იმედად იქცა. "ჩვენ ვუახლოვდებოდით ორსულობის მე-12 კვირას, სწრაფად უნდა გვემოქმედა", - განმარტა FEDERA-ს ხელმძღვანელმა კრისტინა კაჩპურამ Gazeta Wyborcza-სთან ინტერვიუში. "აბორტი წარმატებით განხორციელდა ვარშავაში".
აქტივისტმა ჟურნალისტებისთვის გოგონას შესახებ დეტალების მიცემაზე უარი თქვა: "ოჯახი პატარა ქალაქში ცხოვრობს და არ სურს, თავდასხმების სამიზნე გახდეს". მაგრამ კაჩპურამ მოუწოდა ხელისუფლებას, შეამოწმონ არსებული მდგომარეობა რეგიონის ყველა საავადმყოფოში და გააკრიტიკა ის, რომ ექიმის პროფესია, მისი აზრით, ქვეყანაში "პოლიტიზებული" გახდა.
იმავდროულად მომხდარს პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ნეძიელსკი გამოეხმაურა. "ჩვენ შოკირებული ვართ ამ შემთხვევით", - განუცხადა მან ჟურნალისტებს. მინისტრმა ექიმების საქციელს მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ამ საქმეს თავის თავზე აიღებს.
იმავდროულად, ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფები და პოლონეთის ოპოზიცია კვლავ ითხოვენ აბორტის კანონის შემსუბუქებას.
რელიგიური რწმენის შესახებ წესი, რომელსაც ექიმები, რომლებიც უარს ამბობენ პაციენტებისთვის აბორტის გაკეთებაზე, იყენებენ შესაძლო დევნის თავიდან ასაცილებლად, არის "ბარბაროსული და არაადამიანური" და უნდა გაუქმდეს, ხაზს უსვამს კატაჟინა კოტულა, მემარცხენე ლიბერალური პარტია Viasna-იდან. ბარბარა ნოვაცკამ მემარცხენე ცენტრის სამოქალაქო კოალიციიდან განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი უკვე წარედგინა სეიმს.
2020 წელს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტის შესახებ ისედაც მკაცრი კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცრა. მან დაადგინა, რომ აბორტი არალეგალურია პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, მძიმე და მუდმივი ინვალიდობის ჩათვლით.