უნგრეთმა ორჯერ შესთავაზა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. დღეს ეს წინადადება ძალაში რჩება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა. იუწყება Reuters.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეთრი სახლი ბუდაპეშტს განიხილავს, როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის შესაძლო სამმხრივი შეხვედრის ადგილად.
"თუ ჩვენი საჭიროება იქნება, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ შესაბამისი, სამართლიანი და უსაფრთხო პირობები ასეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მოხარულები ვიქნებით, თუ სამშვიდობო ძალისხმევის წარმატებაში წვლილს შევიტანთ", - განაცხადა სიარტომ.
დიპლომატმა ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.
"მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ასეთი ზარი არ ყოფილა. არანაირი. წერტილი", - თქვა სიარტომ.