კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ტრამპის განცხადებას ეხმაურება და ირწმუნება, რომ რუსეთი "ძალიან ყურადღებით ეკიდება ბირთვული გაუვრცელებლობის თემას" და "ბირთვულ რიტორიკასთან ყველა საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოს". პესკოვის თანახმად, რუსეთს "ასეთ პოლემიკაში შესვლა" არ სურს. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა. 

"ერთიანობაში, რა თქმა უნდა, ასეთ პოლემიკაში არანაირად შესვლა არ გვენდომებოდა და არ გვენდომებოდა ამის რამენაირად კომენტირება. რუსეთი ძალიან ყურადღებით ეკიდება ბირთვული გაუვრცელებლობის თემას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბირთვულ რიტორიკასთან ყველა საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოს". - თქვა პესკოვმა. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ დმიტრი მედვედევის "ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან" გამომდინარე შესაბამის რეგიონში "ორ ბირთვულ წყალქვეშა ნავს გადაადგილების ბრძანება" მისცა. მოგვიანებით მან  "რუსეთთან უფრო ახლოს" ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის გაგზავნაზე განაცხადა.