გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კომენტარი გააკეთა რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთს შორის პატიმრების ფართომასშტაბიან გაცვლაზე.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემა იოლი გადაწყვეტილება არ იყო.
კანცლერის განცხადებით, გერმანიის სამართალდამცავმა უწყებებმა და მმართველი კოალიციის წევრებმა ეს გადაწყვეტილება საფუძვლიანი განხილვის შემდეგ მიიღეს და ამის შესახებ ოპოზიციაც ინფორმირებული იყო.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლთან ასეთი შეთანხმება აუცილებელი იყო რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ციხეებში მყოფი რუსი პოლიტპატიმრებისა და გერმანიისა და ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლებისთვის.
ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ შეთანხმების ფარგლებში, გაათავისუფლეს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც ბელარუსში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს"ტერორიზმისთვის" და რომელიც შემდეგ შეიწყალა ქვეყნის მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელი. დასავლეთმა კი რუსეთს რვა მოქალაქე გადასცა.
პატიმართა გაცვლა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შედგა.