რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებებია, აქციაზე გაზი გაუშვეს.
ადგილობრივი Telegram არხების ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის რკინის ზღუდის ავტომობილით შენგრევის შემდეგ, აქციის მონაწილეები ეზოში შეიჭრნენ და ძალოვნებს, რომლებიც მათ შეჩერებას ცდილობდნენ, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. მათ ასევე მოახერხეს, გვერდზე გაეწიათ სახანძრო მანქანა, რომელიც რკინის ზღუდის შენგრეული ადგილის ჩარაზვას ცდილობდა.
მანამდე აფხაზურმა ე.წ. პარლამენტმა უარი თქვა 15 ნოემბრის დღის წესრიგის დამტკიცებაზე, რომელიც, მათ შორის, რუსეთთან "საივესტიციო საქმიანობის შესახებ" სადავო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს მოიცავდა. დღევანდელი სხდომა გადაიდო.
ეს გადაწყვეტილება ე.წ. პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის ფონზე იქნა მიღებული, რომლის მონაწილეებმა რკინის ზღუდე შეანგრიეს და საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შესვლა სცადეს.
ცნობისთვის, აფხაზური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება მოსკოვის მიერ ინიციირებულ "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" ხელშეკრულებას დიდ საფრთხედ განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი აფხაზეთს "რუსული ოლიგარქატის საკუთრებად გადააქცევს".
თავის მხრივ, რუსული და აფხაზური სახელისუფლებო მედია ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ ხელშეკრულების რატიფიცირების ყველა მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას. ვრცელდება, მათ შორის, დეზინფორმაცია, თითქოს ოპოზიციას "აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზანი ამოძრავებს".