ნორვეგია უკრაინული ბრიგადის წვრთნისა და აღჭურვისთვის 10 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გამოყოფს. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ წრთვნების ახალი პროექტი ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობით ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტორე ო. სანდვიკმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.
"ინიციატივა არ გულისხმობს სრულიად ახალი ბრიგადის შექმნას. უკრაინას სჭირდება 'სამშენებლო ბლოკები' - პატარა დანაყოფები, რომლებიც არსებულ ბრიგადებს შეავსებენ და გააძლიერებენ. ნორვეგიის ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთისა და ბალტიის ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა წვრთნა და აღჭურვა უკრაინის საჭიროებებს მაქსიმალურად შეესაბამებოდეს" - თქვა სანდვიკმა.
მისი თქმით, ნორვეგია ამ ინიციატივაში აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო პერსონალის წვრთნის ნაწილში წამყვან როლს ასრულებს.
პროექტის მიზანია დამოუკიდებლად მოქმედი სრულფასოვანი სახმელეთო საბრძოლო ბრიგადის შექმნა, რომელიც 3,000-დან 5,000-მდე ჯარისკაცისგან იქნება შემდგარი.