ნორვეგია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ააფეთქოს ის ხიდები, რომლებიც რუსეთთან მის მეგობრობას გამყარებისთვის ჰქონდა აშენებული. ქვეყანა ხელახლა იარაღდება და საკუთარი ინფრასტრუქტურის განადგურებას გეგმავს.
ის, რაც 2017 წელს კეთილმეზობლობის ზეიმი იყო, ახლა გაცრუებული იმედების სიმბოლოდ იქცა: The Barents Observer-ისა და Verdens Gang-ის ცნობით, ოსლო ბიოკფიორდის ხიდს - ნორვეგიასა და რუსეთს შორის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ავტომაგისტრალის ნაწილს - პოტენციურ სამიზნედ განიხილავს.
ნორვეგიამ 12 კილომეტრიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე, რომელიც ასევე 685 მეტრიან გვირაბს მოიცავდა, 880 მილიონი კრონი (9.5 მილიონი ევრო) დახარჯა.
გახსნის ცერემონიაზე ოსლოსა და მოსკოვის მინისტრებმა მდინარე პასვიკელვაზე ახალი ნაგებობა მათი მჭიდრო ურთიერთობების სიმბოლოდ წარმოაჩინეს. იმ დროს ნორვეგიის მინისტრმა კეტილ სოლვიკ-ოლსენმა განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ორმხრივი ინტერესი ბიზნესის, ვაჭრობის, განათლების, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართ“.
რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის და 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სასაზღვრო გადაკვეთების რაოდენობა, პიკური მნიშვნელობით 320 ათასი 2013 წელს,
შეუქცევადად შემცირდა. ნორვეგია, რომელიც იმედებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებასა და დემოკრატიზაციაზე ამყარებდა და დიდ ინვესტიციებს საზღვრისპირა ინფრასტრუქტურაში დებდა, ახლა ამ იმედების ნგრევას ხედავს. The Barents Observer-ის დასკვნით,ნორვეგია რუსეთთან საკუთარი „მშვიდობის ხიდის“ დანგრევისთვის ემზადება.
ნორვეგიის მთავრობა ამჟამად ხიდებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ე.წ. „კომუნიკაციების შეფერხების ზომების“ პროცედურებს ამუშავებს. ამ ახალი გეგმების უკან უკრაინაში არსებული სამხედრო ვითარება დგას: უკრაინულმა ძალებმა არაერთხელ მიაღწიეს წარმატებას ხიდების აფეთქებით რუსული ჯარების წინსვლის შეჩერებაში.
გამოცემა Verdens Gang-ის ცნობით, მზადებაში ნორვეგიის თავდაცვის ქონების სააგენტო მონაწილეობს. სააგენტოს წარმომადგენელმა ანდერს ჰაავიკ-ნილსენმა ხაზი გაუსვა წინასწარი დაგეგმვის აუცილებლობას
„სამიზნეები, რომელთა განადგურებასაც შეიარაღებული ძალები ომის დროს მტრის წინსვლის შესანელებლად გეგმავენ, მშვიდობიან დროს უნდა მომზადდეს. ეს ზრდის ეფექტურობას და ამცირებს ხარჯებს“, - განუცხადა ჰაავიკ-ნილსენმა Verdens Gang-ს.
უცნობია, არის თუ არა ბიოკფიორდზე გადაჭიმული 284 მეტრიანი ხიდი იმ ნაგებობებს შორის, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით დანგრევისთვის მზადდება. თუმცა, როგორც ამბობენ, რამდენიმე ახალი ნორვეგიული ხიდი უკვე აღჭურვილია მსგავსი მექანიზმით, რაც ცივი ომის დროს სტანდარტული პრაქტიკა იყო.




