ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი" ავრცელებს.
ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლე არტურ ენგორონმა გენერალურ პროკურორ ლეტიცია ჯეიმსის მიერ წარდგენილ სამოქალაქო სარჩელის ზეპირი მოსმენის ეტაპზე დაადგინა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა კომპანიამ, ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში აქტივების ღირებულების გამიზნულად გაბერვით არაერთხელ მოატყუეს ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვები.
მოსამართლე ენგორონმა გასცა ტრამპის ზოგიერთი ბიზნეს-ლიცენზიის გაუქმების განკარგულება და განაცხადა, რომ დაავალებს დამოუკიდებელ ზედამხედველს „ტრამპის ორგანიზაციის" კონტროლს.
ტრამპის ადვოკატმა და სპიკერმა ალინა ჰაბამ გადაწყვეტილებას უწოდა „შეურაცხყოფა ჩვენი სამართლებრივი სისტემისთვის" და „ყველა დონეზე ფუნდამენტურად მცდარი" და თქვა, რომ გაასაჩივრებენ მას.
ზეპირი მოსმენით მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პროკურორ ლეტიცია ჯეიმსის საკვანძო პრეტენზია, მაგრამ რჩება რამდენიმე სხვა და მათ აგრეთვე 250 მილიონი დოლარით ტრამპის დაჯარიმების შესახებ ჯეიმსის მოთხოვნაზე სასამართლო იმსჯელებს პროცესზე, რომელიც, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს ტრამპის ადვოკატების თხოვნას პროცესის გადადების შესახებ, 2 ოქტომბერს დაიწყება.
პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა, რომლის შეფასების თანახმადაც ტრამპის ქმედება შეფასებულია როგორც „ქურდობის ხელოვნება", განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მისი სარჩელის დარჩენილი ნაწილის განხილვას.
ტრამპი უარყოფს რაიმე სახის დანაშაულს, ხოლო მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პროკურორს არ ჰქონდა სარჩელის შეტანის უფლება, რადგან მათი აზრით, არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ „ტრამპის ქმედებებმა ზიანი მიაყენა საზოგადოებას“.
მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მრავალ ბრალდებაზე ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა.
პროკურორის თქმით, ტრამპმა მარ-ა-ლაგოს სასახლე 739 მილიონ დოლარად შეაფასა, რაც სამართლიან ღირებულებას ათჯერ აღემატება.
გარდა ამისა, მანჰეტენის ტრამპ თაურის პენტჰაუსის ღირებულება, თავისი მოოქროვილი დეტალებით, გავრცელებული ინფორმაციით, რეალურთან შედარებით სამჯერ მეტად, 327 მილიონ დოლარმდეა გაზრდილი.
„ნიუ-იორკში არცერთი ბინა არ გაყიდულა ამ თანხად“, - ამბობს ლეტიცია ჯეიმსი.