უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ რეპორტიორებს განუცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს 4 დეკემბერს მაიამიში შეხვდება, რათა აშშ-ს წარმომადგენლების მხრიდან მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმების კუთხით პროგრესი განიხილონ.
"დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი, რომელსაც ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების გარდა საქმე არ გააჩნია, აშშ-ში ხვალ ჩაფრინდება, რათა დელეგაციას ხელმეორედ შეხვდეს," ციტირებს სტეფანიშინას Suspilne.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ მოსკოვიდან ამერიკული დელეგაციის დაბრუნების შემდეგ კიევი აშშ-ში ახალი შეხვედრებისთვის ემზადება.
ერთი მხრივ, ვლადიმირ პუტინსა და, მეორე მხრივ, სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, შორის დაახლოებით 5-საათიანი შეხვედრა 2 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა შეხვედრას "ძალზე გამოსადეგი, კონსტრუქციული და ღრმად შინაარსობრივი" უწოდა. თავის მხრივ, მოსკოვში მოლაპარაკებები პროდუქტიულად დაახასიათა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.




