„ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, გუშინ, თეთრმა სახლმა, სააგენტოს რეპორტიორს ოვალურ კაბინეტში ღონისძიებაზე დასწრების უფლება არ მისცა.

რეპორტიორმა, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ასახელებს, როგორც ყოველთვისაც, სამშაბათს ნაშუადღევს სცადა თეთრ სახლში ღონისძიებაზე შესვლა, მაგრამ ის უკან გააბრუნეს. სააგენტოს მეორე რეპორტიორს მოგვიანებით საღამოს ღონისძიებაზე დასწრების ნება არ მისცეს.

„ასოშეიტედ პრესის“ თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სააგენტოს მოსთხოვეს ენის სტილის შეცვლა მექსიკის ყურისთვის ტრამპის ბრძანებით სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით და მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ზომების მიღებით დაემუქრნენ.

ჯული პეისი, „ასოშეიტედ პრესის“ ვიცე პრეზიდენტი და აღმასრულებელი რედაქტორი, ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს მიუღებელს უწოდებს.

„ოვალურ ოფისში ჩვენი დაშვების შეზღუდვა „ასოშეიტედ პრესის“ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, არა მხოლოდ სერიოზულად აფერხებს საზოგადოების წვდომას დამოუკიდებელ ამბებზე, არამედ აშკარად არღვევს პირველ შესწორებას“ და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გამო სააგენტოს დასჯა „შემაშფოთებელია“, - ნათქვამია პეისის განცხადებაში.

გასულ თვეში, ტრამპის ინაუგურაციიდან სამი დღის შემდეგ, „ასოშეიტედ პრესმა“-მა განაცხადა, რომ გააგრძელებს მექსიკის ყურის მოხსენიებას და ამავე დროს, აღნიშნავს ტრამპის გადაწყვეტილებას მისი სახელის გადარქმევის შესახებ. სააგენტოს თქმით, მან, როგორც გლობალურმა საინფორმაციო სააგენტომ, რომელიც ავრცელებს ახალ ამბებს მთელს მსოფლიოში, უნდა უზრუნველყოს ადგილების სახელების და გეოგრაფიის ნებისმიერი აუდიტორიისთვის ადვილად გასაგებად ხსენება და ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.