ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა ბლოკში გაწევრიანებამდე გეოპოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთონ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ევრონიუსის“ თანახმად, ახალმა წევრებმა უნდა გაიზიარონ ფუნდამენტური შეხედულებები ძირითად საკითხებზე, რათა თავიდან აიცილონ უნგრეთის გამოცდილების გამეორება, რის გამოც კომისია ახალი წევრებისთვის კანონის უზენაესობის დაცვის უფრო ძლიერ ზომებს იკვლევს.

მართა კოსის თქმით, წევრი სახელმწიფოებისა და ევროპის მოქალაქეებისთვის საფიქრალია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა წევრობის შემდეგ დაპირებები შეასრულონ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ახალ წევრ სახელმწიფოებს ჩამოერთვათ სრული ხმის მიცემის უფლება პირობითი ვადის განმავლობაში, კოსმა „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ ის ორდონიან წევრობას არ ემხრობა.

„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამის. ჩვენ არ შეგვიძლია, გვყავდეს მეორეხარისხოვანი მოქალაქეები“, – აღნიშნა მან.

ასევე მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, ტექნიკური სამუშაოების გარდა, პოლიტიკური იმპულსი უზრუნველყონ, რათა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინაზე დადებული ვეტოს შედეგად პროცესში შექმნილი ჩიხი გადაილახოს. ამასთან, მისივე თქმით, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.