ევროპამ უნდა შეამციროს თავისი დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე და თავი აარიდოს ტაივანის გამო, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირებაში ჩართვა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონმა ევროპისთვის "სტრატეგიული ავტონომიის" თეორიაზე ისაუბრა, რომელსაც სავარაუდოდ საფრანგეთი უხელმძღვანელებს, რათა "მესამე ზესახელმწიფო" გახდეს.
მისი თქმით, ევროპა "დიდი რისკის" წინაშე დგას და ის "ჩაერთვება კრიზისებში, რომლებიც არ არის ჩვენი, რაც ხელს უშლის მას სტრატეგიული ავტონომიის განვითარებაში."
სი ძინპინი და ჩინეთის კომუნისტური პარტია ენთუზიაზმით უჭერდნენ მხარს მაკრონის სტრატეგიული ავტონომიის კონცეფციას და ჩინეთის ოფიციალური პირები მუდმივად ახსენებდნენ მას ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობაში. პეკინში პარტიული ლიდერები და თეორეტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ დასავლეთი დაცემის პროცესშია, ჩინეთი - აღზევების და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტება კი ხელს შეუწყობს ამ ტენდენციის დაჩქარებას.
"პარადოქსი ის არის, რომ პანიკაში ჩვენ თავს მხოლოდ ამერიკის მიმდევრებად მივიჩნევთ", - თქვა მაკრონმა. "კითხვაზე, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ არის... არის თუ არა ჩვენს ინტერესებში ტაივანში კრიზისის დაჩქარება? არა. ყველაზე ცუდი იქნება ვიფიქროთ, რომ ჩვენ ევროპელები უნდა გავხდეთ მიმდევრები ამ საკითხში და მივიღოთ ამერიკული დღის წესრიგი."
მაკრონის თქმით, ევროპამ იარაღისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით აშშ-ზე დამოკიდებულება გაზარდა და ახლა ყურადღება ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაზე უნდა გაამახვილოს.
გარდა ამისა, მან ევროპის მიერ "აშშ დოლარის ექსტრატერიტორიულობაზე" დამოკიდებულების შემცირებაზე ისაუბრა.
"თუ ორ ზესახელმწიფოს შორის დაძაბულობა გამწვავდება... ჩვენ არ გვექნება არც დრო და არც რესურსი ჩვენი სტრატეგიული ავტონომიის დასაფინანსებლად და ვასალები გავხდებით", - თქვა მან.