თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა კიევს მოუწოდა "ტონს დაუწიოს" და დადოს შეთანხმება წიაღისეულზე, რომელზედაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა. ამის შესახებ უოლცმა Fox News-ის ეთერში ისაუბრა.
უოლცის თქმით, თეთრ სახლში იმედგაცრუებაა იმის გამო, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო "ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობა, ჰყავდეს შეერთებული შტატები, როგორც თანაინვესტორი უკრაინის ეკონომიკაში, მის რესურსებში და რეალურ პარტნიორად მომავალში, რაც მათი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია გახდებოდა".
"იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა ამერიკამ უკრაინისთვის, მათ ტონს უნდა დაუწიონ, ცივი გონებით შეხედონ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას", - თქვა უოლცმა.
თუმცა, უოლცმა აღნიშნა, რომ აშშ-ის უთანხმოება უკრაინასთან შეუთავსებელი არ არის: "პრეზიდენტმა ასევე თქვა, თუ რამდენად უყვარს უკრაინელი ხალხი და ის იყო პირველი, ვინც მათ იარაღი მისცა პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში".
"ჩვენ ბევრი გავაკეთეთ უკრაინის უსაფრთხოებისთვის და ის ფაქტი, რომ გვინდა შევცვალოთ ჩვენი დახმარების ხასიათი, ვერავის შეურაცხყოფს. პრეზიდენტი მზადაა ეს ომი ბოლომდე მიიყვანოს", - აღნიშნა მან.