ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მოხდა სკანდალის ფონზე, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიაზე, ესპანეთის ქალთა ნაკრების კაპიტანს ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა.
ინგლისური სატელევიზიო ჟურნალისტ პიერ მორგანთან ინტერვიუში, რუბიალესმა თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან მუშაობის გაგრძელება არ შეუძლია. რამდენიმე დღით ადრე, ჰერმოსომ, 46 წლის ლუის რუბიალესის წინააღმდეგ, საჩივარი შეიტანა. პროკურატურამ მას ბრალი სექსუალურ ძალადობაში წაუყენა.
ესპანურმა მედიამ გამოაქვეყნა რუბიალესის წერილი, რომელშიც მან განაცხადა, რომ ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ელჩის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. "ფიფას სწრაფი გადაწყვეტილების და ჩემ წინააღმდეგ დაწყებული სხვა პროცედურების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ჩემს თანამდებობას ვერ დავბრუნდები. თანამდებობაზე ჩემი დარჩენა, ფედერაციას თუ ესპანურ ფეხბურთს პოზიტიურს ვერაფერს მოუტანს", - წერს იგი.
მანამდე, პრეზიდენტმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა, თუმცა გადადგომის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფდა. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები, პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ, მათი მთავარი მწვრთნელი ხორხე ვილდა კი, რუბიალესთან მჭიდრო კავშირების გამო, გაათავისუფლეს.
გასულ კვირას, ლუის რუბიალესი, ესპანეთის კაცთა საფეხბურთო ნაკრებმაც გააკრიტიკა და მის საქციელს მიუღებელი უწოდა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) რუბიალესი თანამდებობას 90 დღით ჩამოაშორა, ლუის რუბიალესის საქმეს ესპანეთის სპორტული ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს.
მიხეილ აბაიშვილი