ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე კოცნასთან დაკავშირებულმა სკანდალმა მოულოდნელი სახე მიიღო, რადგან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია (RFEF), ესპანელ ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსოს, კოცნის შესახებ მისი "ცრუ" ჩვენების გამო, სამართლებრივი მოქმედებით დაემუქრა.
სკანდალი, უკვე, ერთი კვირაა, გრძელდება. გასულ კვირას, ესპანეთის ნაკრების ინგლისის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ესპანელ თავდამსხმელ ჯენიფერ (ჯენი) ჰერმოსოს, ტრიბუნაზე, ტუჩებში აკოცა.
რუბიალესი, თავისი საქციელის გამო, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ფიფამ მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო და მისი თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა.
მანამდე, ზოგიერთმა ესპანელმა პოლიტიკოსმა და სპორტსმენმა, მას ნებაყოფლობითი გადადგომა შესთავაზა.
მოსალოდნელი იყო, რომ ის ამას პარასკევს გააკეთებდა, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო სხდომაზე მან განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდა და თავის სახელს სასამართლოში დაიცავდა.
რა მოხდა შემდეგ, გაურკვეველია, მაგრამ შაბათს დილით ფედერაციამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თავად ჰერმოსოს განცხადებები სიცრუეა და ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, მზად არიან, დაამტკიცონ ეს.
ფედერაციაში აცხადებენ, რომ, რაც არ უნდა რთული იყოს ოფიციალური წარმოების გზა, პრეზიდენტის სახელს აუცილებლად დაიცავენ.
ლუის რუბიალესი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ კოცნა ორმხრივი იყო და ეს გამარჯვების ეიფორიაში და ჰერმოსოს თანხმობით მოხდა.
მისი თქმით, მან ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისთვის ეკოცნა, მან კი უპასუხა - "კარგი".
თუმცა, 33 წლის ჯენი ჰერმოსომ, წინა დღით, განაცხადა, რომ კოცნაზე თანხმობა არ მიუცია. ის თავს სექსუალური ხასიათის ქმედებების მსხვერპლად მიიჩნევს.
80-მა ესპანელმა ფეხბურთელმა, მათ შორის ქალთა მთელმა გუნდმა განაცხადა, რომ, სანამ ფედერაციის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ბოიკოტს გამოაცხადებს.
იმავდროულად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, თავის ვებსაიტზე, გამოაქვეყნა ფოტოების სერია, რომლებიც, მათი აზრით, ადასტურებს, რომ რუბიალესი სიმართლეს ამბობს და ფიზიკური კონტაქტის ინიციატორი ფეხბურთელი იყო.
ფედერაცია ემუქრება არა მარტო ჰერმოსოს, არამედ ყველას, ვინც პრეზიდენტის რეპუტაციის შელახვას შეუწყო ხელი.
მან ასევე გაავრცელა განცხადება იმათთან დაკავშირებით, ვინც ბოიკოტს აპირებს.
"RFEF, როგორც ყოველთვის, პატივს სცემს მოთამაშეების გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღონ, ან არ მიიღონ საერთაშორისო მატჩებში ესპანეთის ნაკრებთან ერთად, თუმცა აშკარაა, რომ ეს სავალდებულოა მოთამაშეებისთვის, რომლებიც თამაშზე გამოძახებულნი არიან", - ნათქვამია განცხადებაში.