ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაუყოვნებლივ არ უნდა განხორციელდეს აშშ-ში Wikileaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადირება.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომლის ტექსტიც Wikileaks-მა გამოაქვეყნა, ასანჟს შეეძლება, ახალი სარჩელი წარადგინოს ექსტრადიციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ხელისუფლება სამი კვირის განმავლობაში არ წარადგენს შემდეგ გარანტიებს:

შეერთებულ შტატებში სასამართლო პროცესის დროს ასანჟს შეეძლება, დაეყრდნოს სიტყვის თავისუფლების პირველ შესწორებას;

სასამართლო არ იქნება მიკერძოებული მის მიმართ მისი მოქალაქეობის გამო;

ასანჟს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ.

განჩინებაში ხაზგასმულია, რომ ასანჟს შესაძლოა, ჩამოართვან აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების გამოყენების შესაძლებლობა იმის გამო, რომ ის არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე. საქმის განხილვა 20 მაისს გაგრძელდება. თავად ასანჟი ბრიტანეთის ციხეში დარჩება.

ჯულიან ასანჟი არის ავსტრალიელი ჟურნალისტი, ჰაკერი და WikiLeaks-ის დამფუძნებელი. ამ პლატფორმაზე გამოქვეყნდა გაჟონვის შედეგად შეგროვებული საიდუმლო და კონფიდენციალური ცნობები.

2010 წელს მას შვედეთშუ გაუპატიურებაში დასდეს ბრალი და საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა. სასამართლო პროცესის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა ასანჟის შვედეთის ექსტრადირება. ასანჟმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ეკვადორის საელჩოში, სადაც ის მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის ბრიტანეთის პოლიციამ 2019 წელს დააკავა და მას შემდეგ ბელმარშის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში იმყოფება.

შეერთებული შტატები ასანჟს ჯაშუშობაში და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს. 2022 წლის აპრილში ბრიტანულმა სასამართლომ გასცა ორდერი ასანჟის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ.