უკრაინის დამარცხება გამოიწვევს ომს NATO-სა და რუსეთს შორის, განუცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს.

ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „არ შეწყვეტს“ „მეზობლების სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდების მცდელობებს“.

ოსტინის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ძალიან აწუხებთ, იქნებიან თუ არა შემდეგი.

„ისინი იცნობენ პუტინს, იციან, რაზეა წამსვლელი და გულწრფელად რომ გითხრათ, თუ უკრაინა დამარცხდება, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ NATO-ს მოუწევს რუსეთთან ომი“, - განაცხადა მან.

პენტაგონის ხელმძღვანელი კიევისთვის დახმარების გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ხედვით, NATO „ძალიან სახიფათო გზას დაადგება“.

„ჩვენი მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან სიგნალით, რომელსაც ჩვენ ვგზავნით, როდესაც არ ვეხმარებით უკრაინას. ეს ასევე ძირს უთხრის უკრაინელი სამხედრო პერსონალის მორალს“, - თქვა ოსტინმა და გააფრთხილა, რომ უკრაინის დამარცხება წამოჭრის კითხვებს იმის შესახებ, უნდა ჩაითვალოს თუ არა შეერთებული შტატები სანდო მოკავშირედ და პარტნიორად.