რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებების ერთ-ერთი მიზეზია 1940-იან წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციისთვის, საბჭოთა კავშირისა და მისი მემკვიდრის რუსეთის დაუსჯელობა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ჰააგაში, დიპლომატიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციისთვის რეპარაციების არარსებობამ აგრესიის განახლება გამოიწვია.
„დანაშაულების უარყოფამ და დაუსჯელობამ შთააგონა რუსეთი, ჩაედინა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს და შემდეგ 2022 წელს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კესტუტის ბუდრისმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ისტორია კარგად ასახავს საერთაშორისო დანაშაულებისთვის რეპარაციების მნიშვნელობას.
„ჩვენი ისტორია გვასწავლის, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დანაშაულებისთვის რეპარაციები და პასუხისმგებლობის აღება. იმ დროს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ფარგლებში, ლიეტუვისა და ბალტიის სხვა ქვეყნების საბჭოთა ოკუპაციისთვის რეპარაციები არ არსებობდა. ახლა კი პუტინი და მისი რეჟიმი ისე იქცევიან, თითქოს ეს დანაშაულები არასდროს მომხდარა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ბუდრისმა აღნიშნა, უკრაინისთვის კომისიის შექმნა რუსეთისთვის იქნება გზავნილი, რომ აგრესია საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმირებული არასდროს იქნება და მას პასუხისმგებლობა მოჰყვება.




