უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შემოჭრა კიევის "მორიგი მასშტაბური" პროვოკაციაა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების შეჭრისა და კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების კომენტირებისა.
მისივე მტკიცებით, უკრაინული ძალები "არაშერჩევით ცეცხლს ხსნიან სხვადასხვა სახეობის, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან სამოქალაქო შენობების, საცხოვრებელი სახლების, სასწრაფო დახმარების მანქანების მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას "კურსკის ოლქისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა" დაავალა და იქვე აღნიშნა, რომ დღესვე გეგმავს შეხვედრას რუსეთის ძალოვანი უწყებების, კერძოდ თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელებთან.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ პუტინი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევდა.
ეს კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე პუტინის პირველი საჯარო რეაგირება გახლდათ.
უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, სამი სოფელი აიღეს.
ინფორმაციას ამის შესახებ მედია, მათ შორის რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Meduza და უკრაინული პრესა რუსულ Telegram არხებზე დაყრდნობით ავრცელებენ.