უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოთქვა რწმენა, რომ ბერლინი ადრე თუ გვიან უკრაინისთვის შორ დისტანციაზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების მიწოდებას გადაწყვეტს და უკეთესი იქნება ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ამის შესახებ მან კიევში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
კულებამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილეს, ეს საკითხი "გახსნილია და წინ მიიწევს შიდა გერმანულ დისკუსიაში."
კითხვა-პასუხის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ გადაწყვეტილებას ადრე თუ გვიან მიიღებენ."
"რაკეტები იქნება, ეს მხოლოდ დროის საკითხია. და მე არ მესმის, რატომ ვკარგავთ დროს. ჩვენ შეგვეძლო მეტი გაგვეკეთებინა და უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის მეტი სიცოცხლე გადაგვერჩინა, თუ რაკეტები უკვე აქ იქნებოდა. ჩვენს გერმანელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ პატივს ვცემთ თქვენს დისკუსიას, თქვენს პროცედურებს, მაგრამ ყველაფერი რაც Taurus-ის შესახებ ვიცით, არ არსებობს ობიექტური არგუმენტი მათი არმოცემის სასარგებლოდ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები, ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ დადებითად... რაც უფრო ადრე მოხდება ეს, ეს უფრო ღირებული იქნება. ეს ძალიან მარტივია." - თქვა მან.
ასევე, ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე განიხილეს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები უკრაინის ენერგეტიკული სისტემისა და პორტების დასაცავად.
ამასთანავე, კულებამ გერმანიას მადლობა გადაუხადა მოწოდებული იარაღისთვის, კონკრეტულად ახსენა IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და Gepard-ის საზენიტო სისტემები, რომლებიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა Shahed-ის დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში.