რუსეთი არ აპირებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის საქმეზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ერთი დღით ადრე ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მოსკოვმა უნდა დაუშვას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება ნავალნის უეცარი გარდაცვალების გარემოებების შესახებ.
„ჩვენ საერთოდ არ ვეთანხმებით მსგავს მოთხოვნებს, განსაკუთრებით ბატონი ბორელისგან“, - ციტირებს კრემლის პროპაგანდისტული რესურსი "რია ნოვოსტი" პესკოვს. მანამდე მან აღნიშნა, რომ მოსკოვი დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს, რადგან ნავალნის გარდაცვალების თაობაზე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილი არაა.
გარდა ამისა, ბორელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ სანქციების დაწესებას „ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“. მან დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მმხდარზე და მოუწოდა ოპოზიციისთვის "მხარდაჭერის ძლიერი სიგნალის" გაგზავნისკენ.