რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები, მაგრამ დამატებით სანქციებს განვიხილავთ, დიახ“, - უპასუხა ჟურნალისტებს ბაიდენმა.
47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.
უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავითარებს თრომბის ვერსიას.
ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.