აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი მიიჩნევს, რომ სპიკერი მაიკ ჯონსონი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდაჭერის პროექტს კენჭისყრაზე აღდგომის შემდეგ დააყენებს. ამის შესახებ მაკკოლმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ის მომხრეა, რომ ის განსახილველად წარადგინოს აღდგომის შემდეგ. და ჩვენ ვმუშაობთ ამ კანონპროექტზე." - თქვა მან.
მან თავი აარიდა კითხვაზე პასუხის გაცემას, როდის მოხდება ეს, მაგრამ თქვა, რომ მას სურს პროცესი "რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს."
"თუ ჩვენ წავაგებთ უკრაინაში, როგორც ავღანეთში, და დავმარცხდებით პუტინთან, და უფლებას მივცემთ დაიპყროს უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, მივატოვებთ ჩვენ მოკავშირეებს, როგორც ეს გავაკეთეთ ავღანეთში. ეს შეერთებულ შტატებს უფრო დაასუსტებს, თუ გააძლიერებს? ვფიქრობ დაასუსტებს." - აღნიშნა კონგრესმენმა.
თავად ჯონსონმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში განიხილება, როგორც კი ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხი გადაწყდება.
შაბათს, დილით, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 1.2 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტი - რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ოფიციალურად ამოიწურა მთავრობის ფუნქციონირებისთვის თანხები.
დოკუმენტს ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი მიიღოს.