აშშ-ის კონგრესში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, "MEGOBARI Act"-ის ავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აშშ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს.
"უცხოური აგენტების კანონი", როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია - თქვა მან და ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ასევე ასუსტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საბოლოოდ ძირს უთხრის სასამართლო სისტემას და თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მათ ოჯახებს.
"ქართული ოცნება" აქტიურად ეხუტება ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინს და სხვა ავტორიტარულ ლიდერებს" - განაცხადა ჯო უილსონმა. მან ასევე ახსენა ჩინეთთან ურთიერთობებიც.
"სამწუხაროდ, ეს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელიც დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. "ქართულმა ოცნებამ" ღიად უარყო ქართველი ხალხის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანი პუტინისტური "უცხოური აგენტების კანონის" პარლამენტში გატანით, თვეების განმავლობაში მიმდინარე მასობრივი პროტესტების მიუხედავად.
ამ კანონის ღია მიზანია ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის ძირის გამოთხრა, სტიგმატიზება და უთანხმოების გამომხატველი ალტერნატიული აზრებისთვის პლატფორმების ჩახშობა. რაც უფრო უარესია, ეს "უცხოური აგენტების კანონი", როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დამატებითი გადაწყვეტილებები და კანონპროექტები ანადგურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ დარჩენილ დამოუკიდებელ ნაწილებს, ბოლომდე მიჰყავთ სასამართლო სისტემის დაპყრობა. სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირებსა და აქტივისტებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, გამუდმებით ემუქრებიან და აშინებენ, და ფიზიკურადაც ესხმიან თავს მთავრობასთან დაკავშირებული კრიმინალები. ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმები იყო, ისინი ვანდალურად დაამტვრიეს", - თქვა უილსონმა.