28 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაზე მასობრივი იერიში მიიტანა.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. გარდა ამისა დაჭრილია 45 მშვიდობიანი მოსახლე.
რუსულ იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა:
"ახლა კიევში გრძელდება საცხოვრებელი სახლის ნანგრევების გაწმენდა. სამწუხაროდ, ცნობილია უკვე 8 დაღუპულის შესახებ, მათგან ერთ-ერთი ბავშვია".
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნანგრევებში შესაძლოა ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები.
"რუსეთი ირჩევს ბალისტიკას და არა მოლაპარაკებების მაგიდას. ირჩევს მკვლელობების გაგრძელებას და არა ომის დასრულებას. რუსეთი აქამდე სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოს ნაწილი ბავშვების მკვლელობაზე თვალს ხუჭავს და პუტინისთვის გამართლების ძებნას აგრძელებს". – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა. ასევე დაინტერესდა, თუ რა რეაქცია აქვს უნგრეთს, რომლის ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ნავთობსადენების დაზიანებაზე გამოთქვა შეშფოთება.
"ველოდებით უნგრეთის რეაქციას. ბავშვების სიკვდილმა უნდა გამოიწვიოს მეტი ემოცია, ვიდრე რამე სხვამ".