ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის დაწყება ომის პირობებშიც არის შესაძლებელი. ამის შესახებ მან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენცია მიმდინარეობს.
კაია კალასი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ესტონეთის პარლამენტის მაგალითს უნდა მიჰბაძონ, რომელმაც კანონი მიიღო და რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის მოხმარების შესაძლებლობას იძლევა.
„უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა მივცეთ, რომ თავის დაცვა შეძლონ. ასევე, ომის პირობებშიც უკვე შესაძლებელია რეკონსტრუქციის დაწყება. ესტონეთი უკრაინას რეკონსტრუქციაში უკვე ეხმარება. მათ რთული მისია აქვთ, მაგრამ უნდა გააგრძელონ მუშაობა იმ პირობებში, როდესაც ომი აქვთ. და ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის საფასურს იმისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი გადამხდელების ფულიდან ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რაც საშუალებას იძლევა, რუსული გაყინული აქტივები უკრაინას მოხმარდეს და ვფიქრობ, სხვა ქვეყნებიც ანალოგიურად უნდა მოიქცნენ“, – განაცხადა კაია კალასმა.