ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას არჩევანი იყო, საქართველოში აქციაზე სცენაზე ასულიყო სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.
„თუ დაფიქრდებით, როგორ იყო უკრაინაში მაიდანის დემონსტრაციების დროს – ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, უამრავი ადამიანი მივიდა იქ, რათა გამოეხატათ უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა, რომელმაც იმავენაირად აირჩია ევროპული გზა, სურდა ევროკავშირთან ყოფნა და აპროტესტებდა იმას, რომ მაშინდელი პრეზიდენტი ცდილობდა რეალურად, ქვეყნისთვის რუსეთისკენ ებიძგა. და ეს არის ანალოგია, რაც ახლაც ხდება საქართველოში. ერთი მხრივ, მათ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მეორე მხრივ, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არანაირად არ შეესაბამება ამას. მაგალითად, დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ოპოზიციის მიმართ მოპყრობა. მივიღებ თუ არა მე პირადად მონაწილეობას ასეთ დემონსტრაციაში? არა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის არჩევანი იყო, რომ სცენაზე ასულიყო სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად. დეტალები შეგიძლიათ, მასთან დააზუსტოთ“, – განაცხადა კაია კალასმა ესტონეთის პარლამენტში დეპუტატის კითხვის პასუხად.
ამასთან, კაია კალასის შეფასებით, ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს, არ შეესაბამება იმ დაპირებებს, რომლებიც საქართველომ ევროკავშირს მისცა, როცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
„ნებისმიერ შემთხვევაში, იმ მომენტიდან, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მათ ევროკავშირს აშორებს, აღარ არის საქართველოს შიდა საქმე, თუმცა მათ ასევე უნდა ესმოდეთ, რომ ეს სინამდვილეში ართმევს ხალხს პრივილეგიებს, რომლებისკენაც ისინი მიისწრაფოდნენ. სხვა სიტყვებით, ეს ნაბიჯები არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, არც იმ დაპირებებს, რომლებიც საქართველომ ევროკავშირს მისცა, როდესაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ეს არის გზავნილი, რომლის გადაცემასაც ჩვენ სხვადასხვა არხით ვცდილობთ, იქნება ეს ელჩთან კომუნიკაციის დროს ან სხვა დიპლომატიური არხის გამოყენებისას. ის, რაც საქართველოში ხდება, არის საკითხი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაშფოთებს, რადგან ყოველთვის საქართველოს მეგობრები ვიყავით“, – აღნიშნა კაია კალასმა.
ესტონელმა დეპუტატმა, ვარო ვოოგლაიდმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა: „ჯერ კიდევ ვერ გავიგე, რა პრობლემაა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, მსგავსი რეგულაციები დაგეგმილია თავად ევროკავშირში, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა მიიღოს ეს ესტონეთმაც“. ესტონელმა დეპუტატმა კაია კალასს ასევე სთხოვა, შეეფასებინა, რამდენად მისაღები ქმედებაა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა საქართველოში აქციაზე.
შეგახსენებთ, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს 15 მაისს მიმართეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის კანონიერი ადგილი ევროპაშია. მან აღნიშნა, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რას მიეკუთვნება და რა ღირებულებებს იზიარებს.
თარგმანი: პირველი არხი