ჯერ კიდევ ვერ გავიგე, რა პრობლემაა ამ კანონთან დაკავშირებით. მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, მსგავსი რეგულაციები დაგეგმილია თავად ევროკავშირში, – ამის შესახებ ესტონელმა დეპუტატმა, ვარო ვოოგლაიდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, როცა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასს პარლამენტში კითხვით მიმართავდა.
ვარო ვოოგლაიდის თქმით, ვერ ხედავს ასევე მიზეზს, რატომ არ უნდა მიიღოს ასეთივე კანონი ესტონეთმა, რათა ჰქონდეთ ინფრომაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, ამავე დროს, ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას.
ამასთან, ვარო ვოოგლაიდის შეფასებით, არცერთი ქვეყნის საქმე არ არის სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და კარნახი, რომელი კანონის მიღება შეუძლიათ ან – არა.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, სხვა მინისტრებო, მოდით, დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ მე ჯერ კიდევ ვერ გავიგე, რა პრობლემაა ამ კანონთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, ვიცი, რომ მსგავსი რეგულაციები დაგეგმილია თავად ევროკავშირში. მე ვიცი, რომ არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ უნგრეთმაც მიიღო ასეთი კანონი. და მე მართლა ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა მიიღოს ესტონეთმა ასეთი კანონი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომელია ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან და რომლებიც ამავე დროს ცდილობენ ესტონეთში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას. ჩემი აზრით, ეს არის სავსებით გონივრული კანონი.
ახლა, ჩვენ რომც დავადგინოთ, რომ ეს კანონი არაგონივრულია, არცერთი ქვეყნის საქმე არ არის სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და მათთვის კარნახი, რომელი კანონის მიღება შეუძლია ან არ შეუძლია მათ დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს. შეგიძლიათ მაგალითად წარმოიდგონოთ, სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ტალინში, სტენბოკის სახლის წინ (მთავრობის სახლის წინ) დემონსტრაციაზე რომ მოსულიყვნენ, რათა გაერპოტესტებინათ ფაქტი, რომ ესტონეთს აქვს ასეთი სრულიად არადემოკრატიული საარჩევნო სისტემა, არაგამჭვირვალე, არაკონტროლირებადი და შესაბამისად, არასანდო ელექტრონული ხმის მიცემის ფორმით. მიუხედავად იმისა, რომ მე ასევე მივიჩნევ, ეს საარჩევნო სისტემა არის სავსებით არაგონივრული და მიუღებელი, ნებისმიერ შემთხვევაში, წინააღმდეგი ვიქნებოდი იმ ფაქტისა, რომ მაგალითად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოსულიყო თქვენი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტისთვის. საქმე ასე მარტივი არ არის. ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში“, – განაცხადა ვარო ვოოგლაიდმა, რომელმაც ესტონეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვა, შეეფასებინა, რამდენად მისაღები ქმედებაა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა საქართველოში აქციაზე.
„მოვითხოვ თქვენგან, როგორც პრემიერ-მინისტრისგან, თქვენი მთავრობის, თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის შეფასებას, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც ძალიან მტკიცედ გააპროტესტა და თქვა, რომ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების შეკრებისადმი მიმართვა, რომლებსაც რადიკალური ანტისამთავრობო ოპოზიციური პარტიები ხელმძღვანელობენ და მათი მთელ ერად მოხსენიება, არის ის, რაც მოსალოდნელია საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტისგან და არა ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. ასე რომ, მე ნამდვილად ვითხოვ თქვენს შეფასებას, არის თუ არა თქვენი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს ქმედება მისაღები? და თუ ეს ასეა, შეუძლიათ სხვა ქვეყნებს ანალოგიურად ესტონეთის შიდა საქმეებში ჩარევა?“, – მიმართა ვარო ვოოგლაიდმა კაია კალასს.
ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს 15 მაისს მიმართეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის კანონიერი ადგილი ევროპაშია. მან აღნიშნა, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რას მიეკუთვნება და რა ღირებულებებს იზიარებს.
თარგმანი: პირველი არხი