ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკის წევრი ქვეყნებისგან უკრაინის დასახმარებლად “გაბედულ გადაწყვეტილებებს” ელის.
“გუშინ რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიიტანა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმებით მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ გააჩერებს.
მეტი სამხედრო დახმარება უნდა გავცეთ. 22 აპრილის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მივწერე. უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა დავაჩქაროთ და გავზარდოთ. უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მივაწოდოთ, რათა რუსული რაკეტები ჩამოაგდონ, ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვან.
გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი 22 აპრილის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების დმიტრო კულებასთან და რუსტემ უმეროვთან საერთო შეხვედრაზე. ევროკავშირი უკრაინას ყველაფერს მიაწვდის, რაც საჭირო იქნება", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.