აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლას-ვეგასში, ლათინოამერიკელთა ინტერესების დამცველი უდიდესი არაკომერციული ორგანიზაციის კონფერენციაზე უნდა გამოსულიყო სიტყვით, მაგრამ ბოლო მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და იძულებული შეიქმნა კონფერენცია დაეტოვებინა.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღმოაჩნდა. მას ჩატარებული აქვს ვაქცინაცია და შემდეგ მიღებული აქვს ვაქცინის დამატებითი დოზა.
მისი ექიმის თქმით, ბაიდენს რესპირატორული სიმპტომები, მათ შორის სურდო და ხველა, შუადღისას გამოუვლინდა.
თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი ახლა იზოლირებულია და აგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტს სულ მცირე 20-მდე დემოკრატმა სთხოვა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიიდან კანდიდატურის მოხსნა.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის შეწყვეტის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ექიმები ეტყვიან, რომ მისი ჯანმრთელობა ამას მოითხოვს.