ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე მას სთხოვა, აშშ-მა შეწყვიტოს მთავრობისადმი კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.
შაჰინმა დააზუსტა, რომ სენატორები პრემიერს ეკითხებოდნენ, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისათვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კობახიძეს კი "მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა":
"შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრთან გვქონდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროის რეგრესის საკითხი წამოვწიეთ, რაზედაც "უცხოური აგენტების" კანონის მიღებამ იმოქმედა. მოვუწოდეთ მას, რომ დაფიქრდეს გზებზე, რითაც მომავალში საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების განხილვა შეგვეძლება, რომლებიც თანხვედრაში იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ნამდვილად დამწუხრებული ვარ, ვინაიდან, ერთადერთი თხოვნა, რომელიც მას ჩვენთან ჰქონდა იყო ის, რომ აშშ-ს შეეწყვიტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულები არიან".